ტანსაცმელში ფერების შეხამება: პრაქტიკული გზამკვლევი დახვეწილი კომბინაციებისთვის
ფერების შეხამება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა სამოსის იერსახის შესაცვლელად. საინტერესო და მრავალფეროვანი კომბინაციების შესაქმნელად სულაც არ არის საჭირო, რომ თქვენი გარდერობი ათასფერი სამოსით იყოს სავსე. პირიქით, კარგად შერჩეული საბაზისო ფერები გაცილებით ამარტივებს ჩაცმის სტილის შერჩევას.
მთავარი საიდუმლო ისეთი ფერებისგან გარდერობის აწყობაა, რომლებიც ბუნებრივად ავსებენ ერთმანეთს, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე აქცენტური ელფერი, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ სტილს გამოკვეთს.

ნეიტრალური ფერები: კარგად აწყობილი გარდერობის საფუძველი
რვა საბაზისო ფერი, რომელთა შეხამებაც ყველაზე მარტივია ერთმანეთთან, არის:
შავი, მუქი ლურჯი, ყავისფერი, ხაკისფერი, ბეჟი, თეთრი, ნაცრისფერი და ნუდი.
ეს ფერები დახვეწილი გარდერობის საფუძველია, რადგან ისინი მრავალფეროვანი კომბინაციების შექმნის საშუალებას იძლევა ზედმეტად გადატვირთული ან რთული ფერითი გამის რისკის გარეშე.
სწორედ ამიტომ, დაბალანსებული კაფსულური გარდერობი შეიძლება მიჰყვებოდეს 80/20-ის წესს: თქვენი სამოსის დაახლოებით 80% საბაზისო ფერებშია, ხოლო დარჩენილ 20%-ს შემოაქვს აქცენტები უფრო მკვეთრი ელფერებით, პრინტებითა თუ საინტერესო აქსესუარებით.
სულაც არ არის საჭირო რვივე ნეიტრალური ფერი გქონდეთ. სრულიად საკმარისია აირჩიოთ ოთხი ან ხუთი, რომლებიც მოგწონთ და ბუნებრივად ერგება თქვენს ცხოვრების წესს. შემდეგ კი შეგიძლიათ მათზე დააფუძნოთ გარდერობი რამდენიმე აქცენტური ფერის დამატებით.
მაგალითად, მუქი ლურჯის, თეთრის, ბეჟისა და ყავისფრის კომბინაცია შეიძლება გახდეს წარმოუდგენლად მრავალმხრივი გარდერობის საფუძველი. ხოლო თუ უპირატესობას უფრო მონოქრომულ, მინიმალისტურ ესთეტიკას ანიჭებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ შავი, ნაცრისფერი, თეთრი და ნუდი.
ფერების შეხამების სამი ძირითადი მიდგომა
როდესაც უკვე იცით, თუ რომელი ფერები ქმნის თქვენი გარდერობის საფუძველს, შეგიძლიათ სამოსი სამი ძირითადი გზით აწყოთ: ტონალური, კონტრასტული ან ეგრეთ წოდებული „სენდვიჩის“ მიდგომით.
- ტონალური ჩაცმულობა: ერთი ფერი, სხვადასხვა ელფერი
ტონალური ჩაცმულობა გულისხმობს ერთი ფერის ან ერთი და იმავე ფერითი ოჯახის სხვადასხვა ელფერის გამოყენებას.
მაგალითად, შეგიძლიათ შეუხამოთ ღია ბეჟი, ქამელი და კარამელისფერი, ყავისფრის სხვადასხვა ელფერი ან ნაცრისფრის რამდენიმე ტონი.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ელეგანტური, დახვეწილი და მარადიული კომბინაციის შესაქმნელად. ერთი ფერის ვერტიკალური ხაზი დამატებით ვიზუალურ ეფექტსაც ქმნის: მას შეუძლია სილუეტი უფრო დაგრძელებული და მთლიანი გამოაჩინოს.
იმისთვის, რომ ლუქი ერთფეროვანი არ გამოვიდეს, გამოიყენეთ განსხვავებული ტექსტურები. მაგალითად, კამელისფერი შალის შარვალი შეგიძლიათ შეუხამოთ უფრო ღია ტონის ქაშმირის სვიტერს და კონიაკისფერი ტყავის ფეხსაცმელს.
სტილის იდეა: ქამელისფერი შარვალი + ღია რძისფერი სვიტერი + თბილი ბეჟი პალტო + კონიაკისფერი ფეხსაცმელი.
2. კონტრასტული კომბინაციები: როდესაც ფერები აქცენტს ქმნის
კონტრასტული ჩაცმა გულისხმობს ორი ისეთი ფერის შეხამებას, რომლებიც ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოირჩევა და უფრო ძლიერ ვიზუალურ ეფექტს ქმნის.
ყველაზე გავრცელებული კომბინაციებია:
- ლურჯი + წითელი
- მწვანე + ნარინჯისფერი
- ვარდისფერი + ნაცრისფერი
- ყავისფერი + ღია ლურჯი
- მწვანე + იასამნისფერი
- ლურჯი + ნარინჯისფერი
- იასამნისფერი + ყვითელი
- ბორდოსფერი + ვარდისფერი
- მუქი ლურჯი + მდოგვისფერი
- ყავისფერი + ცისფერი
კონტრასტი აუცილებლად არ ნიშნავს მკვეთრი და ძალიან კაშკაშა ფერების გამოყენებას. იგივე ეფექტის მიღება უფრო მშვიდი და დახვეწილი ტონებითაც არის შესაძლებელი.
მაგალითად, მკვეთრი ნარინჯისფერისა და კაშკაშა ლურჯის ნაცვლად შეგიძლიათ აირჩიოთ შოკოლადისფერი ყავისფერი და ღია ლურჯი. მკვეთრი ვარდისფერისა და შავის ნაცვლად კი - პუდრისფერი ვარდისფერი და ნახშირისფერი ნაცრისფერი.
დასაწყებად კარგი მიდგომაა, ერთი ფერი დომინანტურ ტონად გამოიყენოთ, ხოლო მეორე - მცირე დეტალებში, აქცენტის სახით.
სტილის იდეა: მუქი ლურჯი კოსტიუმი + ღია ლურჯი პერანგი + ბორდოსფერი ფეხსაცმელი.
ან:
ყავისფერი შარვალი + ღია ლურჯი პერანგი + ყავისფერი ქამარი და ფეხსაცმელი.
3 „სენდვიჩის“ ტიპი: ერთი ფერის გამეორება
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ხერხი ჰარმონიული სამოსის შესაქმნელად.
„სენდვიჩის“ მიდგომისას თქვენ იმავე ფერს იმეორებთ სამოსის ორ ან სამ ელემენტში. ამგვარად, თვალი ბუნებრივად აკავშირებს ცალკეულ დეტალებს და კომპოზიციაც დასრულებულ იერს იღებს.
მაგალითად:
ნაცრისფერი კოსტიუმი + ვარდისფერი პერანგი + ვარდისფერი ფეხსაცმელი
ან:
ბეჟი შარვალი + თეთრი პერანგი + ბეჟი ფეხსაცმელი და ჩანთა.
გამეორებისას აუცილებელი არ არის ზუსტად ერთი და იგივე ელფერი გამოიყენოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი და იმავე ფერითი ოჯახის სხვადასხვა ტონი, მთავარია ვიზუალური კავშირი იყოს მკაფიო.
ეს მიდგომა განსაკუთრებით კარგად მუშაობს აქსესუარებთან. ერთი ფერი შეიძლება განმეორდეს ფეხსაცმელსა და ჩანთაში, ქამარსა და ფეხსაცმელში, ან ზედა ტანსაცმელსა და მცირე აქსესუარში.
ნეიტრალური ფერების შეხამება
ნეიტრალური ფერები სწორედ იმით არის ღირებული, რომ მათი შეხამება შესაძლებელია როგორც ერთმანეთთან, ასევე თითქმის ნებისმიერ აქცენტურ ფერთან.
შავი
შავი გარდერობის კლასიკური საფუძველია და იძლევა როგორც მინიმალისტური, ისე კონტრასტული კომბინაციების შექმნის საშუალებას.
შეუხამეთ: თეთრს, ნაცრისფერს, ბეჟს, ნუდს, ქამელს, ბურგუნდიულს, მუქ მწვანეს ან პუდრისფერ ვარდისფერს.
მუქი ლურჯი
მუქი ლურჯი შავის შესანიშნავი ალტერნატივაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო რბილ და ელეგანტურ კომბინაციას ეძებთ.
ის განსაკუთრებით უხდება: თეთრს, ბეჟს, ყავისფერს, ქამელს, ღია ლურჯს (ცისფერს) და ბურგუნდიულს.
ყავისფერი
ყავისფერი ბუნებრივად ერწყმის სხვა თბილ ნეიტრალურ ტონებს, თუმცა ასევე ძალიან საინტერესოა უფრო ცივ ელფერებთან კონტრასტშიც.
სცადეთ: ბეჟი, ია რძისფრი , ქამელი, ხაკისფერი, ცისფერი, ნაზი ვარდისფერი. ან ბურგუნდისფერი.
ბეჟი და ნუდი
ეს ფერები ქმნის რბილ, მშვიდ ბაზას და განსაკუთრებით უხდება ტონალურ კომბინაციებს.
შეუხამეთ: თეთრს, ქამელს, ყავისფერს, კარამელისფერს, შავს ან უფრო მკვეთრ აქცენტურ ფერს.
ნაცრისფერი
ნაცრისფერი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ნეიტრალური ფერია. ის შეიძლება იყოს მინიმალისტური ლუქის საფუძველი ან დააბალანსოს უფრო ინტენსიური ფერი.
განსაკუთრებით კარგი კომბინაციებია: ნაცრისფერი + ვარდისფერი, ნაცრისფერი + ბურგუნდიული, ნაცრისფერი + ლურჯი, ნაცრისფერი + მწვანე და ნაცრისფერი + იისფერი.
ხაკისფერი
ხაკისფერი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნეიტრალური ფერი, თუმცა მას საკმარისი ხასიათიც აქვს იმისათვის, რომ სამოსს მეტი ინტერესი შესძინოს.
შეუხამეთ: ბეჟს, ყავისფერს, ეკრუს, თეთრს, მუქ ლურჯს ან ბურგუნდიულს.

რამდენი ფერი უნდა გამოიყენოთ ერთ სამოსში?
არ არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც ფერების კონკრეტულ რაოდენობას განსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, თუ გსურთ, რომ სამოსი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს და მისი აწყობაც მარტივი იყოს, კარგი საწყისი წერტილი ორი ან სამი ფერით ოპერირებაა.
მაგალითად:
ბეჟი + თეთრი + ყავისფერი
ან:
მუქი ლურჯი +ცისფერი + ბურგუნდისფერი
ან:
ნაცრისფერი + ვარდისფერი + შავი
თუ მკვეთრ, თვალსაჩინო პრინტს იყენებთ, შეგიძლიათ მასში არსებული ერთ-ერთი ფერი აირჩიოთ და ის სამოსის სხვა დეტალში გაამეოროთ. ამგვარად, პრინტი კომპოზიციის ბუნებრივ ნაწილად იქცევა და არა ცალკე გამოყოფილ აქცენტად.
როგორ გამოვიყენოთ აქცენტური ფერები
აქცენტური ფერი არ არის აუცილებელი დიდ ფართობს ფარავდეს. ზოგჯერ ფერის მცირე შტრიხიც კი საკმარისია, რომ სამოსი დასამახსოვრებელი გახდეს.
თუ თქვენი ბაზა ნეიტრალურია, აქცენტის შემოტანა შეგიძლიათ შემდეგი დეტალებით:
მაგალითად: შავი შარვალი + ბეჟი პიჯაკი + ბურგუნდისფერი ფეხსაცმელი სრულიად საკმარისია ფერის შესატანად ისე, რომ ნეიტრალური ბაზა არ დაირღვეს.
ფერების შეხამების ყველაზე მარტივი ფორმულა
თუ არ ხართ დარწმუნებული, საიდან დაიწყოთ, გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა:
1 ძირითადი ფერი + 1 ნეიტრალური ფერი + 1 აქცენტი.
მაგალითად:
ყავისფერი + ეკრუ + ბურგუნდისფერი
მუქი ლურჯი + თეთრი + წითელი
ნაცრისფერი + შავი + ვარდისფერი
ბეჟი + ყავისფერი + ცისფერი
ეს ფორმულა ინდივიდუალურობისთვის საკმარის თავისუფლებას იძლევა და ამავდროულად ინარჩუნებს მკაფიო ვიზუალურ სტრუქტურას.
ყველაზე მნიშვნელოვანი: ფერი უნდა ერგებოდეს თქვენს სტილს
კარგად შეხამებული ფერები აუცილებლად მკვეთრ ან რთულ სამოსს არ ნიშნავს. ზოგჯერ ყველაზე ელეგანტური კომბინაციები თითქმის მთლიანად ნეიტრალურ ტონებზე იგება და მხოლოდ ერთი მცირე აქცენტიც საკმარისია ხასიათის შესაძენად.
დაიწყეთ იმ ფერებით, რომლებიც უკვე გაქვთ გარდერობში. აირჩიეთ ოთხი ან ხუთი საბაზისო ელფერი, რომლებსაც ადვილად შეუხამებთ ერთმანეთს, და დაამატეთ რამდენიმე აქცენტური ფერი, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ სტილს გამოხატავს.
როდესაც ფერები სწორად არის შერჩეული, სამოსის აწყობაც გაცილებით მარტივდება. კარგად აწყობილი გარდერობი ის კი არ არის, სადაც ყველაზე მეტი ფერია - არამედ ის, სადაც თითოეულ ფერს თავისი ადგილი აქვს.
